ახალი ამბები
გორის მოქალაქეები მოძრაობის წესების დასაცავ პლატფორმას ითხოვენ
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.

ასევე ქვეითთა შემაღლებული გადასასვლელების მოწყობას იმ მონაკვეთებზე, სადაც მათი თქმით, ხშირია სიჩქარის გადაჭარბება, მათ შორის კომბინატის კლუბის მიმდებარე ტერიტორიასა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვერხვების მიმდებარედ.

მოქალაქეები იხსენებენ საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევების შემთხვევებს როგორც ქალაქში, ისე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ამ ისტორიების მიხედვით, ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ.

ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ მის ეზოში მანქანა ორჯერ შევარდა, დასახლებულ პუნქტებში დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხოლო რამდენიმე დღის წინ სკრის მიმართულებით მოძრავმა ხრეშით დატვირთულმა სატვირთომ კინაღამ მისი ოჯახი იმსხვერპლა.

ყურადღებას ამახვილებენ სკრის შესასვლელში მოტოციკლეტებით სავარაუდო რბოლების ფაქტზეც.

პოსტების ავტორები მიიჩნევენ, რომ საგზაო წესების კონტროლი უფრო მკაცრი და თანმიმდევრული უნდა იყოს. მათი თქმით, უპასუხისმგებლო მართვას უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ ოჯახს შეიძლება შეეხოს.

შეგახსენებთ, 13 ივლისს საღამოს ქალაქის ცენტრში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა. დაიღუპნენ დედაც და მისი 3 წლის ბავშვიც. დაკავებულია 1991 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც, შსს-ს ცნობით, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები