ახალი ამბები
კასპში 76 წლის ქალს სახელი შეუცვალეს
კასპში 76 წლის ქალს ეუბნებიან, რომ 58 წლის წინ სახელი ,,ქეთევანი" შეცდომით დაარქვეს. ამიტომ, დაუბრუნეს სახელი ,,ქეთო", რომლითაც 18 წლის ასაკამდე სარგებლობდა, საფასურიც თავად გადაახდევინეს.

ახლა პენსიონერი, თანაც მარტოხელა ქალი ცდილობს, რომ სახელი ,,ქეთევანი" დაიბრუნოს, რაშიც ასევე თანხაა გადასახდელი. ორი თვის განმავლობაში კი პენსიას ვერ აიღებს და ვეღაც წამლებს და პროდუქტებს იყიდის.

„ზუსტად 58 წელია მქვია ქეთევანი. 58 წლის განმავლობაში სახელმწიფო თავადვე მიწოდებდა ქეთევანს, მიცვლიდა პასპორტებს, პირადობის მოწმობას და ამ სახელით მიფორმებდა ქონებას. ახლა, როცა პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, აღმოჩნდა, რომ დაბადების მოწმობასა და პირადობის მოწმობას შორის შეუსაბამობაა,“ – წერს იგი.

მისივე განმარტებით, ,,ქეთევანი" პირველი პასპორტის აღების დროს თავად სახელმწიფომ დაარქვა.

„18 წლის რომ გავხდი და პასპორტის ასაღებად მივედი, მაშინდელმა საპასპორტო მაგიდის უფროსმა მითხრა: ქეთა, ქეთი, ქეთო არასრული სახელია და პასპორტში ქეთევანი ჩამიწერა. მე, 18 წლის მოქალაქე, ვენდე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას,“ - აღნიშნავს მოქალაქე.

პენსიონერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეუსაბამობა მისი ბრალით არ წარმოშობილა, შეცდომის გამოსწორებისთვის საფასურის გადახდა მაინც თავად მოუწია.

„ვედავე, რომ ეს სახელმწიფოს მიერ დაშვებული ლეგიტიმური შეცდომაა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. იძულებული ვიყავი, მათივე შეცდომაზე საფასური მე გადამეხადა,“ - წერს ის.

მისი ინფორმაციით, პროცედურის დასრულებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რაც, როგორც ამბობს, პენსიის მიღებასაც შეუშლის ხელს.

„ახლა ორი თვე უნდა ველოდო პირადობის მოწმობას და ამ ორი თვის განმავლობაში პენსიას ვერ ავიღებ. გადასახადები რით გადავიხადო, წამლები რით შევიძინო და საჭმელი რით ვიყიდო? სახელმწიფო სერვისები მოქალაქეს ცხოვრებას უნდა უმარტივებდეს და არა პირიქით - ასეთ ჩიხში აყენებდეს,“ - აცხადებს პენსიონერი.

პოსტის ბოლოს მოქალაქე შოთა ნიშნიანიძის ლექსის სტრიქონებსაც იხსენებს: „ქვეყნად ყოველი უსამართლობა მაინც სიმართლის სახელით ხდება.“
Print

სტატიის გამოყენების პირობები