ახალი ამბები
ნაურუ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან

2026 წლის 21 ივლისს ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას." - მოცემულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები