ახალი ამბები
გორში სტადიონის შესაკეთებლად სპეციალისტს ვერ პოულობენ
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.

ამ საკითხზე გორის მერიას კომპანია „პერფორმერთან“ დავა მოუვიდა. საუბარია გორის „ქართლის“ სტადიონზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის შემოღობვა, ტრიბუნების გამოცვლა და გარეგანათების მოწყობა.

მერიის განმარტებით, ყოფილი ,,გეპეის" და ამჟამად სტუ-ს მშენებლობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სტადიონს ვერ შემოღობავს, გარეგანათებას ვერ დაამონტაჟებს და ტრიბუნებს ვერ გამოცვლის. სწორედ, ეს მოთხოვნებია დაყენებული ,,ქართლის" სტადიონისთვის.
როგორ სპეციალისტს ითხოვს გორის მერია? ტენდერში მერიამ ერთ-ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნად მიუთითა, რომ კომპანიას უნდა ჰყოლოდა სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტი, სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილებით.
კომპანია „პერფორმერმა“ აღნიშნულ სპეციალისტად წარადგინა ოდალი გოდერძიშვილი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი აქვს. თუმცა, მისი სპეციალიზაცია „ხიდები და სატრანსპორტო გვირაბებია“.
„პერფორმერმა“ განმარტა, რომ სპეციალისტს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი აქვს და მერიას მისი კვალიფიკაცია უფრო დეტალურად უნდა შეესწავლა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტისთვის მიემართა.
სტუ-ს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხზე იმჯელეს დავების საბჭოში, სადაც მერის პოზიცია გაიზიარეს და მიიჩნიეს, რომ „ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების“ მიმართულება ავტომატურად არ ნიშნავს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის შესაბამის კვალიფიკაციას.
საბჭოს შეფასებით, რადგან შესყიდვის საგანი სტადიონის რეაბილიტაცია იყო, კომპანიას სწორედ ამ ობიექტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი უნდა წარმოედგინა.
ასეთი სპეციალისტი მერიამ ჯერ ვერ იპოვა. ტენდერში დისკვალიფიცირებულია უკვე 3 კომპანია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები