ახალი ამბები
გორის ქუჩებში გზების დახაზვა დაიწყო

გორის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებისა და საპარკინგე ადგილების დახაზვა დაიწყო. სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს.

ახალი მონიშვნები, სატენდერო პირობების მიხედვით, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ახლა მუნიციპალიტეტი ქვეითთა გადასასვლელებისა და საპარკინგე ადგილების ხელახლა მონიშვნაზე 550 ათას ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს ,,ელიტ ტექნოლოჯი" ასრულებს.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. ტენდერის საწყისი ღირებულება 750 ათასი ლარი იყო, თუმცა „ელიტ ტექნოლოჯიმ“ შეთავაზებული ფასი თითქმის 20 პროცენტით შეამცირა და საბოლოოდ 550 ათასი ლარით გაიმარჯვა.

საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ 2024 წელს, ყოფილი მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში დახაზული ქვეითთა გადასასვლელების დიდი ნაწილი დღეს თითქმის სრულად არის წაშლილი.

2024 წელს გორში ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები შპს „გზაჯვარედინმა“ 150 ათას ლარად შეასრულა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამუშაოების ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 2024 წლის დეკემბერში გაფორმდა. შესრულებულ სამუშაოებზე ერთწლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები