კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დოესში, ერთაწმინდაში, სასირეთში, ქვემო ჭალასა და სხვა სოფლებში - მოქალაქეები მასობრივად წერენ, რომ სასმელი წყალი არ აქვთ.
ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორც მათ მიერ გამოქვეყნებული წერილებიდან ჩანს, უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ყოფა განსაკუთრებით რთულია. მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ. მათი თქმით, თუ წყლის მიწოდების პრობლემა სისტემურად ვერ გვარდება, მოსახლეობა მაინც წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, როდის და რამდენი ხნით შეუწყდება წყლის მიწოდება.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. შესაბამისად, მოსახლეობისთვის გაუგებარია, რატომ რჩება პრობლემა კვლავ მოუგვარებელი.
განსაკუთრებით ემოციურია ქვემო ჭალაში მცხოვრები ქალის წერილი. როგორც თავად წერს, ის მარტო ცხოვრობს და წყლის არარსებობის პირობებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებაც კი პრობლემად იქცა. მისი თქმით, კიდევ უფრო რთული წარმოსადგენია, როგორ უმკლავდებიან მდგომარეობას ის ოჯახები, სადაც რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არიან ბავშვები ან ხანდაზმულები.
ქვემოთ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მინიმუმ სამი საწოლის თეთრეული მაქვს გასარეცხი + სხვა სახეობის ტანსაცმელი და ცალკე თეთრები, რომელსაც გამოხარშვის პროგრამა სჭირდება და ეს პროგრამა 2 საათამდე რეცხვის რეჟიმს ითვალისწინებს!
წყლის მარაგი, რაც მქონდა ჭურჭლის რეცხვასა და ხელ-პირის დაბანაზე, უკვე ისე ამომეწურა, რომ წუხანდელ დაგროვილ ჭურჭელს ახლანდელიც მიემატება და ესეც გასარეცხი მექნება! დასაბანი ვარ.
მთელი კვირაა წყალი ისე მალე მოდის და წყდება, რომ ფიზიკურად ვერ ჩაეტევა ადამიანი იმ დროში, ყველაფრის გაკეთება მოასწროს, რაც გასაკეთებელია! მე კიდე მარტო ვცხოვრობ და ვისაც ოჯახებში 2-3-4 წევრი ჰყავს, ვისაც მოხუცი ან ბავშვი ჰყავს მოსავლელი, იმან რაღა უნდა გააკეთოს, ერთი ამიხსენით?!
ცოტახანში დასალევი წყალიც ამომეწურება.
ან დაღლილი ხარ ადამიანი და კარგად გამოძინება გინდა და ვერც მაგას მოახერხებ, იმიტომ, რომ ასე, ჩემსავით, ბომჟად გაიღვიძებ და წყალი არ მოდის, პირსაც კი ვერ დაიბან, რადგან გუშინ მთელი დღე ასევე არ იყო წყალი, ვერ აავსე საკმარისი იმისთვის, რომ საჭმელი მოამზადო და პროდუქტი გარეცხო და ა.შ.!
თქვენ ავად ხომ არ ხართ, ხალხოო?! იცით მაინც, გარეთ რა დროა? რა ტვინი წაიღეთ უკვე მთელი კვირააა! წყალი ვერ დავიჭირე, რომ ან გაქაფული არ დავტოვო აბანოში და ისე არ დაწყდეს, ან სარეცხის ერთი გარეცხვაა მაინც მივიდეს გავლების ეტაპამდე, რომ გავლება მოასწროს!
მე თუ მინდა, შუადღის 2 საათამდე ძილი მინდა მეძინოს და შფოთვებით არ ვიღვიძებდე — გათენდა, არიქა, წყალს მივასწრო-თქო! რა დროა გარეთ-მეთქი, გეკითხებით!“ — წერს მოქალაქე ღიად, ანონიმურობის გარეშე.
სტატიის გამოყენების პირობები