ახალი ამბები
მოქალაქეები ჩივიან ავტობანზე ქვეითთა გადაადგილების შესახებ

მოქალაქეები წერენ, რომ იგოეთის მონაკვეთზე ავტობანს ქვეითები გადასასვლელად იყენებენ, რათა სამგზავრო ტრანსპორტით ისარგებლონ.

აღნიშნულ პრაქტიკას კი, მათი თქმით, სავალალო შედეგები მოჰყვება, რაც გუშინ, 2 აგვისტოს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც აჩვენა. 2 აგვისტოს, მთავარი არხის ცნობით, იგოეთის მონაკვეთზე, ავტობანზე ავტომობილი ქვეით ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევას ავტობანზე გადაადგილების დროს შეესწრო მოქალაქე, რომელიც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ავარიიდან დაახლოებით 2-3 წუთში იმავე მონაკვეთზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ცდილობდა ავტობანის გადაკვეთას.

„პირადად შევესწარი ავარიას, იგოეთთან ავტობანზე მანქანამ ქვეით ქალი რომ გაიტანა. და ზუსტად მაგ მომენტში, მომხდარიდან ალბათ 2-3 წუთში, მეორე მხრიდან კიდევ ვიღაც გოგო გადმოდიოდა ავტობანზე“, წერს მოქალაქე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ადგილობრივები ხიდის ქვეშ არსებული გზით ავტობანთან ადიან და შემდეგ მოპირდაპირე მხარეს გადადიან, რათა სამარშრუტო ტაქსით ისარგებლონ.

„როგორც მივხვდი, ხიდის ქვეშ გამოდიან, მაღლა ავტობანზე ადიან და მოპირდაპირე მხარეს გადადიან, რომ მარშუტკას გაჰყვნენ. ჯერ მაგ გზაზე როგორ დგებით, მერე მანდ როგორ აჩერებს რომელიმე მარშუტკა, მაგითი ხომ ცალკე საავარიო სიტუაციას ქმნიან?!“ წერს იგი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები