ტყვიავში მომხდარ ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დაკავებულია პირი, რომელმაც, როგორც ადგილობრივები ყვებიან, წლების წინ ტყვიავის პოლიციის განყოფილებას ხელყუმბარა ესროლა. ხელყუმბარის აფეთქების ფაქტი 2004/05 წლებში მოხდა.
რაც შეეხება 29 ივლისის ფაქტს, შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ავტომატიდან რამდენიმე პირს ესროლეს. დაიჭრა ერთი ადამიანი. ტყვიები მოხვდა ავტომანქანასაც.
ტყვიავში აცხადებენ, რომ ბრალდებული სუფრაზე ავტომატით მიუვარდა პირს, რომლის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. თუმცა სროლისას სხვა ადამიანი დაიჭრა.
„სუფრა იყო გაშლილი დარბაზში. ავტომატით მიუვარდა მასპინძელს, უნდა მოგკლაო. მასპინძელს გადაეფარა სხვა და ის სხვა დაიჭრა“, აცხადებენ ტყვიავში.
სარიტუალო დარბაზი სოფელ ტყვიავში პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს. ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა გორის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორ თანასოფლელს ესროლა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის მანქანა.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამმა პირმა იცოდა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.
ოთხივე მათგანი დაკავებულია. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები