ახალი ამბები
ხაშურში ქუჩას ნოდარ დუმბაძის სახელი მიანიჭეს, მოსკოვის ქუჩა უცვლელი დარჩა

ხაშურში ერთ-ერთ ქუჩას ნოდარ დუმბაძის სახელი მიანიჭეს, თუმცა მოსკოვის ქუჩა დატოვეს.

მას შემდეგ, რაც სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიებმა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ააგორეს, ხაშურში მწერლის საპატივსაცემოდ ქუჩის სახელის მინიჭება გადაწყვიტეს.

ხაშურის საკრებულოს წევრებმა, უმოკლეს ვადაში, გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს და სახელი შეუცვალეს ოქტომბრის ქუჩას. როგორც ადგილობრივები წერენ, ოქტომბრის ქუჩის სახელის ცვლილებას 30 წელია ითხოვდნენ.

7 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ალექსანდრე სიმონიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ონისე ოქრიაშვილის იუმორისტული გადაცემის საპასუხოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

იუმორისტულ გადაცემაში კი, როგორც სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სრულ ჩანაწერშია აღნიშნული, გადაცემის წევრებს განსახიერებული ჰყავთ პიროვნება, რომელსაც შესაძლოა არ მოსწონდეს ნოდარ დუმბაძე. პროპაგანდისტული სამთავრობო მედიების გაგებით, იუმორისტულ გადაცემაში განასახიერებენ და დასცინიან არა თუ იმას, ვისაც, მაგალითად, ნოდარ დუმბაძე არ უყვარს, არამედ დასცინიან ნოდარ დუმბაძესო. ასე გაიგო ხაშურის საკრებულოს წევრმაც, ალექსანდრე სიმონიშვილმა.

„გარკვეული პირები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ ნოდარ დუმბაძეს. მე პირადად მირჩევნია, ჩვენი შვილები მის შემოქმედებაზე აღიზარდონ, მის სახელობის ქუჩაზე იცხოვრონ, გაიზარდონ და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიონ“, განაცხადა ალექსანდრე სიმონიშვილმა.

რაც შეეხება მოსკოვის ქუჩას, სხდომაზე აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა არ ყოფილა. მოქმედი პროცედურის მიხედვით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ საკრებულოს შესაბამისი განცხადებითა და ხელმოწერებით მიმართოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები