ახალი ამბები
საღოლაშენში სასმელი წყლის პროექტი 382 დღეა ვერ სრულდება

„წყალი კვირაში ორი დღე მოდის... ისიც, ერთ ჩართვაზე, მარაგი ერთ საათში იცლება.

50-ტონიანი ავზის გავსებას 3-4 დღე სჭირდება. ვაგრძელებთ ცხოვრებას ისევ ჭებით.“

382-ე დღეა, რაც ქარელის მერია სოფელ საღოლაშენში სასმელი წყლის პროექტის დასრულებას ელოდება. სამუშაოებს კომპანია „ლომსია 2023“ აწარმოებს.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიას შესრულებული აქვს სამუშაოების 47%. ხელშეკრულებაში ცვლილება 13-ჯერ არის შესული. ბოლო ცვლილებით პროექტი 2025 წლის 21 ივლისს უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ რა ხდება, კომპანიასა და მერიას შორის მიწერ-მოწერა აღარ ჩანს.

საღოლაშენში ჭაბურღილის, ავზის და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად იმუშავა კომპანია „თექ ჰაივეიმ“. მის მიერ გათხრილი ჭაბურღილიდან წყალი არ ამოვიდა.

2024 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდა. „ლომსია 2023“-ს ახალი ჭაბურღილის გაკეთება დაევალა, თუმცა მის მიერ გათხრილ ჭაბურღილიდან წყალი ცოტა ამოვიდა.

დოკუმენტების მიხედვით, პროექტი შედგენილი აქვს „მშენგრუპს“. სამუშაოების შემსრულებლებმა პროექტის ავტორების მითითების საფუძველზე დაიწყეს მიწაში წყლის ძებნა.

2022 წლიდან დღემდე ჯამში უკვე 1 მლნ-მდე ლარია დახარჯული წყლის სამუშაოებზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები