ქიმიაში უმაღლესი, 63 ქულა (ზედა ზღვარი, 63), მიიღო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მაია გელენიძემ.
როგორც მაიამ „ქართლის ამბებს“ განუცხადა, სწავლის გაგრძელებას მედიცინის მიმართულებით გეგმავს.
„აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ბევრი ვიშრომე და ამიტომ კარგი შედეგის იმედი მქონდა, თუმცა ასეთ მაღალ ქულებს ნამდვილად არ ველოდი.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შრომამ შედეგი გამოიღო. სწავლას მედიცინის მიმართულებით ვაგრძელებ, რადგან ყოველთვის მინდოდა ეს პროფესია და იმედი მაქვს, მომავალში კარგი ექიმი გავხდები. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და ბოლომდე იბრძოლონ მიზნისთვის“, ამბობს მაია გელენიძე.
იგი მადლობას უხდის ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც მისთვის დრო და ენერგია არ დაიშურეს. მაიამ სხვა საგნებშიც მაღალი ქულები მიიღო, მათ შორის, ინგლისურ ენაში, უმაღლესი.
„გულითად მადლობას გიხდით ჩემს თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც ცოდნასთან ერთად საკუთარი დრო, შრომა და მხარდაჭერა არ დაიშურეთ ჩემთვის. ჩემს დღევანდელ შედეგში თქვენი დიდი წვლილი და დაუღალავი შრომაც აისახება. ამ წარმატებას თქვენთან ერთად დიდი მადლიერებით ვიზიარებ“, მიმართავს მასწავლებლებს.
სტატიის გამოყენების პირობები