პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინეს.
ბრალდებული 4 აგვისტოს დააკავეს, თუმცა ბაღებში ცხენის ხორცის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია „ქართლის ამბებმა“ 3 აგვისტოს გაავრცელა.
4 აგვისტოს ანალოგიურ ფაქტზე დააკავეს ასევე კიდევ ერთი კომპანიის მეწარმე, რომელსაც ცხენის ხორცი მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჰქონდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთა კომპანიებს მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ. აღნიშნული ტენდერების შესრულების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებულებმა მათ საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, მიაწოდეს ფალსიფიცირებული პროდუქცია, კერძოდ, ცხენის ხორცი, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ ქონებრივი ზიანი.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები