უზენაესი სასამართლოს ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში საძოვარს დანიშნულება უკანონოდ შეუცვალეს, მიანიჭეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი და გაყიდეს.
ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქე ინგა კურტანიძესთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ქონების მართვის სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, რომ ყველა დადებული ხელშეკრულება გაუქმდეს, მიწა კი სახელმწიფოს დაუბრუნდეს. ვინ აუნაზღაურებს ინგა კურტანიძეს ზარალს, ეს ჯერ უცნობია. უცნობია ასევე, რამდენად იყიდა 11 ჰა-მდე მიწა ინგა კურტანიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიხედვით, აცხადებდნენ, რომ 11 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლა მოხდა მუნიციპალიტეტიდან მერიასთან კომუნიკაციის შედეგად. აღნიშნული მიწა წარმოადგენდა საძოვარს, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, საძოვარს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი მიენიჭა, რის გამოც მისი გაყიდვა შესაძლებელი გახდა.
გადაწყვეტილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 11 ჰა-მდე მიწის მფლობელი გახდა ინგა კურტანიძე, ფართობი დანაწევრდა 139 ერთეულად, რომლის შემდეგაც ქვემო ჭალელებმა შეიტყვეს, რომ უნდა აშენებულიყო 139 სახლი. მიწის დიდი ნაწილი გადაფორმდა არაბ ინვესტორებზე.
2022 წლიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ვაჟა ოთარაშვილმა, თინა გახელაძემ და სხვებმა, მიმართეს სასამართლოს პრივატიზაციის შედეგების გაუქმების მოთხოვნით. სამივე ინსტანციაში ქვემო ჭალელებმა პროცესი მოიგეს. ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები დაჟინებით ცდილობდნენ პრივატიზაციის შედეგების შენარჩუნებას, თუმცა ვერ დაადგინეს, რომ საძოვარს სტატუსი კანონიერად შეუცვალეს. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ბრალი მერიას დასდეს.
სტატიის გამოყენების პირობები