ახალი ამბები
ნარკოდანაშაულში 135 პირი დააკავეს

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია.

ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განაცხადა კიკნაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები