ახალი ამბები
გიორგი ხარაიშვილი 8-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 46 წლის გიორგი ხარაიშვილი დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლა და ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა.

ოსური მედიის ცნობით, გიორგი ხარაიშვილი 2025 წლის 5 დეკემბერს სოფელ გვირგვინას სიახლოვეს დააკავეს. ხარაიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროდანაა.

ხარაიშვილის დაკავების შესახებ „ქართლის ამბები“ 2025 წლის დეკემბერში წერდა. სოფლის წარმომადგენელმა მაშინ განგვიცხადა, რომ თანასოფლელი ჩორჩანას ტყეში ცხენით იმყოფებოდა და დაკარგულ სხვა ცხენს ეძებდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. მათივე ცნობით, „პატიმრობის ვადის გასვლის გამო“ დაკავებული დღეს, 2026 წლის 14 აგვისტოს, გაათავისუფლეს.

სუსის ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, პროცესში იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები