ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენებს წააწყდნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრები ირინა არბოლიშვილი აცხადებს, სოფელში ცხენები არ ჰყავთ და, მისი ვარაუდით, აღმოჩენილი ნარჩენები შესაძლოა სხვა ტერიტორიიდან იყოს ჩამოტანილი და ნაბახტევში დაყრილი.
„ეს ხდება ნაბახტევში, საძოვრებზე, ნაკვეთებთან. სოფელში არ გვყავს ცხენები. ფაქტია და ჩანს, რომ არის სხვაგან დაკლული, ნაწილები მოტანილი და დაყრილი, რაც წარმოადგენს ინფექციის წყაროს. ხოლო ხორცი სად ჩაბარდა, ვინ იცის“, წერს არბოლიშვილი.
მისივე თქმით, ცხოველური ნარჩენების ღია ტერიტორიაზე დატოვება ადგილობრივებისთვის როგორც სანიტარიულ, ისე ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და შესაბამის უწყებებს საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ვისაც ევალება (თუ არის ვინმე ასეთი), იქნებ მიაქციოს ყურადღება. როგორც ეს ფაქტია დანაშაული, ასევეა უყურადღებოდ დატოვებაც“, აღნიშნავს ადგილობრივი.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ვითარებაში მოხდა ცხენების დაკვლა, ვინ დატოვა ნარჩენები სოფლის ტერიტორიაზე.
„ქართლის ამბები“ ჯერ კიდევ 3 აგვისტოს წერდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი მიუტანეს. ლაბორატორიული დასკვნა „ქართლის ამბებს“ ჩაუვარდა ხელთ, რომელიც 2026 წლის 18 ივნისით თარიღდებოდა. მომდევნო დღეს კი, 4 აგვისტოს, სუს-მა ფაქტი დაადასტურა და იმავე დღეს ორი პირი დააკავა.
სტატიის გამოყენების პირობები