ბატეთის ტბა 19 წლით „ბატეთი რეზორტმა“ აიღო. ინფორმაცია რადიო
,,თავისუფლებამ" გაავრცელა.
,,ქართლის ამბებმა" გაარკვია, რომ „ბატეთი რეზორტის“ მფლობელებს შორის
არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ყოფილი მთავარი
პროკურორი არჩილ კბილაშვილი, უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც კომპანიაში
30%-იან წილს ფლობს, ხოლო კბილაშვილის წილი 5%-ია.
კომპანიის კიდევ ერთი, 45%-იანი წილის მფლობელია მათე ფიფია, რომლის
წარმომადგენლად დოკუმენტებში ბიზნესმენი გოჩა ფიფია არის მითითებული.
მათე ფიფიას წილები გადასცა კესანე ფიფიამ.
დარჩენილ 10-10%-იან წილებს ფლობენ იოსებ კრიჭინაშვილი და დავით
ჯანელიძე. სწორედ მათ დააფუძნეს 2025 წელს კომპანია, რის შემდეგაც
წილები სხვა მეწილეებზე გადააფორმეს.
„ბატეთი რეზორტს“ ბატეთის ტბასთან ურთიერთობა მხოლოდ ტბის იჯარით არ
შემოიფარგლება. კომპანიამ გასულ წელს 20-წლიანი იჯარით მიიღო ტბის
მიმდებარედ 4.2 ჰექტარი ტყე. რადიო ,,თავისუფლების" ცნობით, აუქციონის
პირობებით, ამ ტერიტორიაზე კომპანიამ არანაკლებ 4 მილიონი ლარის
ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
იჯარის პირობებით, ტერიტორიაზე შესაძლებელია საკურორტო, რეკრეაციული,
სპორტული და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა — მათ
შორის დროებითი ეკო-კოტეჯების, კაფე-რესტორნის, აუზისა და პარკინგის
განთავსება.
სტატიის გამოყენების პირობები