გორის „ივერიონი“ 2026-2027 წლების სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდება. გუნდს გორელი ვლადიმერ თავაქარაშვილი უკაპიტნებს.
როგორც კლუბში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, 14-კაციანი განაცხადიდან 8 ადგილობრივი, ახალგაზრდა გორელი კალათბურთელია.
„ისინი ნაწილობრივ ან სრულად „ივერიონის“ აკადემიის აღზრდილები არიან. ამ მაჩვენებლით „ივერიონი“ სუპერლიგის ერთადერთი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივ აკადემიაში გაზრდილი სპორტსმენების ასეთი რაოდენობა ირიცხება. გარდა ამისა, „ივერიონი“ იშვიათი გამონაკლისია რეგიონულ კლუბებს შორის, რომელიც საწვრთნელ პროცესს უშუალოდ ადგილზე, საკუთარ ქალაქში წარმართავს“, აცხადებენ კლუბში.
„ივერიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს კი გიორგი ჩაჩხიანი დაიკავებს. ის 3 წლის განმავლობაში „ივერიონის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი და სუპერლიგის გუნდის ასისტენტი იყო.
სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა სერბი სპეციალისტი ზორან პენო.
„გამოცდილი სპეციალისტი, გიორგი ჩაჩხიანის ასისტენტობასთან ერთად, უშუალოდ ჩაერთვება აკადემიის საქმიანობასა და ახალგაზრდა გორელი სპორტსმენების მომზადების პროცესში“, აცხადებენ კლუბში.
სტატიის გამოყენების პირობები