17 აგვისტოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ის 2 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავების შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებული იყო 1986 წელს დაბადებული ლაშა გულითაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრები.
„17 აგვისტოს ლაშა გულითაშვილმა ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მიმდებარედ სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი უნებლიედ გადაკვეთა. 19 აგვისტოს გულითაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს და ჯარიმა დაეკისრა“, ვკითხულობთ კგბ-ს განცხადებაში.
ფაქტს სუს-ი ეხმარება:
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები