გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები დეპარტამენტის სახელით გაიგზავნა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სადაც ვკითხულობთ:
„19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.
შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ.
ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა“, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები