„უკვე სამი წელია, ამ ავარიულ სახლში ვცხოვრობთ. არც გაზი გვაქვს, არც დენი და ელემენტარული პირობებიც კი არ გაგვაჩნია. დენი რესტორნიდან გვაქვს გადმოყვანილი.
ნივთები, ტელევიზორი და საწოლი ემიგრანტების და მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხით შევიძინეთ. სარეცხს ხელით ვრეცხავ.
მე ავად ვარ და ჩემი მეუღლეც. მკერდი მაქვს მოკვეთილი და მკურნალობა მჭირდება. ჩემს მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დასუფთავებაში მუშაობს. 8 დღე გადაბმულად იმუშავა და მერე ცუდად გახდა და მანქანიდან გადმოვარდა.
მთავრობა და მერია არც მედიკამენტებით გვეხმარება და არც ფინანსურად. ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვართ. გვითხრეს, იქირავეთ ბინა ხაშურში სადმე და 150 ლარს დაგაფინანსებთო“, აცხადებს თეონა ზურაბაშვილი.
თეონა და მისი მეუღლე გიორგი კაპანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში ცხოვრობენ. როგორც ისინი „ქართლის ამბებთან“ საუბარში აცხადებენ, სოციალური აგენტი თითქმის ყოველთვე მიდის და მათი საცხოვრებელი პირობების მდგომარეობას ამოწმებს.
მშობლების განცხადებით, სოციალური აგენტი აფრთხილებთ, რომ თუ ბავშვებისთვის სათანადო პირობებს არ შექმნიან, შესაძლოა, ბავშვები ჩამოართვან.
სტატიის გამოყენების პირობები