„ვაჰ, მაპატიმრებთ? ცუდად ვარ, პატივცემულო, არ შეიძლება იზოლირებულად ყოფნა“, უთხრა მოსამართლეს მოქალაქემ, რომელსაც გორის პოლიციამ ნარკოტესტის ჩატარებაზე უარის თქმის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
„ჩემთან უკვე მეშვიდედ მოგიყვანეს... წინა შემთხვევაზე გაგაფრთხილეთ, რომ ამის შემდეგ უკვე პატიმრობა იქნება“, უპასუხა მოსამართლემ.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში ორი სამართალდარღვევის ოქმი განიხილეს. საქმის მასალების მიხედვით, მოქალაქეებმა პოლიციელებს ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი განუცხადეს. მიზეზები არ დაუსახელებიათ.
პატრულ-ინსპექტორის განცხადებით, მოქალაქეებს ოთხსაათიანი ვადა ჰქონდათ მიცემული, რათა ლაბორატორიული დასკვნა წარედგინათ. თუმცა, არ წარუდგენიათ.
ერთ-ერთი მოქალაქე სხდომის დაწყებამდე მოსამართლე დავით პაპუაშვილს სთხოვდა, რომ მისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ნაკლები ყოფილიყო. თუმცა, მცირე ჯარიმის ნაცვლად ადმინისტრაციული პატიმრობა მიიღო.
რაც შეეხება მეორე პირს, მან სასამართლოს განუცხადა, რომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ პოლიციას აღნიშნული პირი ნარკოტესტის ჩატარებაზე უარის თქმის ანალოგიური შემთხვევების გამო სასამართლოში არაერთხელ ჰყავდა წარდგენილი.
სასამართლომ ორივე მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სტატიის გამოყენების პირობები