ახალი ამბები
გორში პარკირების ინსპექტორსა და მძღოლს შორის კონფლიქტი მოხდა

გორში პარკირების მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებსა და მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა.

მერიის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. მათი განცხადებით, მძღოლმა თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ იგინებოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომელს მომხდარის დამადასტურებელი მოწმე ჰყავს.

მძღოლი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ინსპექციის თანამშრომლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 50-ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა. მძღოლის განცხადებით, პარკირების წესები არ დაურღვევია და თანამშრომელს მხოლოდ ხმამაღლა მიმართა.

„მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ 50-ლარიანი ჯარიმა არ მეკუთვნოდა. მითხრა, გაჩერდი, თორემ 100-ლარიანს დაგიწერო. მე ხმამაღლა გავაპროტესტე. არანაირი გინება არ ყოფილა, ეს არის ცილისწამება. თუ ვიდეო აქვთ, ამოიღონ“, განაცხადა მძღოლმა.

როგორც ირკვევა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომხდარის დროს სამხრე კამერები არ ჰქონდათ, შესაბამისად, დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, ამ ეტაპზე, არ არსებობს. მხარეები ერთმანეთს სასამართლო სხდომაზე შეხვდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები