ახალი ამბები
გორელი მოქალაქე რეფერალური პროგრამის დაფინანსების პასუხს ვერ იღებდა

გორში მოქალაქემ რეფერალური პროგრამით სამედიცინო დაფინანსების მიღების მიზნით დოკუმენტები „ქართული ოცნების“ დელეგატის ბიუროში ჩააბარა, პასუხს კი, მისი თქმით, 20 ივლისიდან ელოდებოდა.

დღეს დილით გავრცელებულ პოსტში მოქალაქე წერდა, რომ ტკივილებისგან იტანჯება და სამედიცინო კვლევებისთვის დაფინანსების დროულად მიღება მისთვის მნიშვნელოვანია.

მოქალაქის თქმით, 20 ივლისს, ექიმის მიერ გამოწერილი კვლევების კალკულაცია სტალინის ქუჩა №33-ში ჩააბარა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც, მისი აღქმით, მერიის წარმომადგენელი იყო.

მოქალაქის პოსტს თვითმმართველობიდან განმარტება მოჰყვა. მათი ინფორმაციით, სტალინის ქუჩა №33-ში „ქართული ოცნების“ ოფისი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბიუროა. ბიუროს თანამშრომლები მოქალაქეების განცხადებებს რეფერალური მომსახურების პროგრამაში აგზავნიან.

თვითმმართველობის ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომელი განუმარტავდა, რომ ბიუროს თანამშრომლებს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ აქვთ და ისინი მხოლოდ განცხადების ტექნიკურ ნაწილს ასრულებენ. მისივე ინფორმაციით, რეფერალური პროგრამის კომისია საკითხებს ყოველ ხუთშაბათს განიხილავს, ხოლო პასუხის მიღებას შესაძლოა ორი-ოთხი კვირა დასჭირდეს.

„ქართლის ამბები“ „ქართული ოცნების“ ოფისში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა, თუმცა ადგილზე არავინ დაგვხვდა. კარი დაკეტილი იყო. საკრებულოს ინფორმაციით, ბიუროს თანამშრომლები აგვისტოში შვებულებაში იმყოფებიან.

როგორც თვითმმართველობაში „ქართლის ამბებს“ განუმარტეს, განცხადების ავტორი უკვე იდენტიფიცირებულია. მოქალაქემ მოგვიანებით გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და აღნიშნა, რომ საკითხში გაერკვა.

თვითმმართველობაში განმარტეს, რომ მოქალაქეებს რეფერალურ პროგრამაში ჩართვის მიზნით შუამდგომლობას უწევენ როგორც „ქართული ოცნების“ დელეგატი, ისე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

რეფერალური პროგრამა სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს გარკვეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია იღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები