ახალი ამბები
ხაშურში წყლის ამღვრევის მიზეზი დაზიანებული ქსელი აღმოჩნდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ხაშურში სასმელი წყლის ამღვრევა, ძველი რეზერვუარის დემონტაჟის დროს, ქსელის დაზიანებამ გამოიწვია.

მათივე განმარტებით, ქალაქში წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

ქალაქ ხაშურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ძველი რეზერვუარის დემონტაჟის პროცესში სასმელი წყლის ქსელი მექანიკურად დაზიანდა, რის შედეგადაც წყლის ხარისხი დროებით ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია სასმელი წყლის ქსელის მექანიკური დაზიანებით და არ უკავშირდება წყალარინების სისტემას. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები