ახალი ამბები
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
ქარელში, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში, დედათა მონასტერი გაიხსნა. მონაზონი ირინე ამბობს, რომ იქ მეუფე იობის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით შევიდა. მისი თქმით, მიზანი იყო, შენობაში უკანონო აბორტები აღარ ჩატარებულიყო.

დღეს მონაზონი აცხადებს, რომ შენობიდან მის გაძევებას ცდილობენ. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ, პირველ რიგში, არქიმანდრიტი სტეფანე მოქმედებს, რომელიც ქარელის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი და ეპარქიის ერთ-ერთი გავლენიანი პირია. მისი თქმით, არქიმანტრიტის სკოლის ბუღალტერი ყოფილი სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის, მიხეილ სარაულის მეუღლეა. მიშა სარაული აცხადებს, რომ შენობა მისია და სწორედ მონაზონის გამო დაიხურა ქარელში სამშობიარო სახლი.

მონაზონი ასევე ამბობს, რომ შენობის ეზოს მისაკუთრებით მეზობლებიც არიან დაინტერესებული. „ყველა მე მებრძვის... მე კი არ მებრძვიან, უფალს ებრძვიან“, - ამბობს დედა ირინე.



„მეუფემ მითხრა, შედი, იქნებ ეს კაცი დიდი ცოდვებისგან დავიხსნათო“

დედა ირინე ამბობს, რომ ქარელში დაახლოებით 14 წლის წინ მივიდა. მისი თქმით, ქალაქში ის ერთმა ებრაელმა ქალმა ჩამოიყვანა, რომელსაც იმ პერიოდში შენობა და ქარელის საავადმყოფოც ჰქონდა შეძენილი.

როგორც მონაზონი იხსენებს, შენობის ის ნაწილი, სადაც დღეს მონასტერია, მაშინ ცარიელი იყო, მეორე ნაწილში კი გინეკოლოგ მიხეილ სარაულს კლინიკა ჰქონდა გახსნილი.

მონაზნის თქმით, თავდაპირველად თავად შენობაში შესვლას ერიდებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს მეუფე იობის რჩევით გააკეთა.

„მე ამ შენობაში დიდხანს არ შემოვდიოდი, მაგრამ მეუფემ მითხრა: „შედი, დედაო, იქნებ ეს კაცი დიდი ცოდვებისგან დავიხსნათ, აბორტებისგან დავიხსნათო“, - იხსენებს დედა ირინე.

მისი თქმით, ამის შემდეგ შენობაში მონასტერი მოეწყო.

თუმცა მონასტრის ისტორია მხოლოდ სასულიერო საქმიანობას არ უკავშირდება. დედა ირინე ამბობს, რომ იქ თანდათანობით უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანების მიყვანაც დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი ხანდაზმული ქალი ხაშურიდან იყო. როგორც მონაზონი იხსენებს, ქალს შვილიშვილმა სახლი გაუყიდა და შემდეგ უსახლკაროდ დატოვა. ქალი ღამეებს სადგურის სკამზე ათენებდა.

„წავედი და ეს უბედური ქალი სოციალური სააგენტოს უფროსის დახმარებით აქ, მონასტერში, მოვიყვანე და მივხედე. ამაში რამე დანაშაულია, ამას რომ ვაკეთებდი?“ - ამბობს დედა ირინე.

მოგვიანებით მონასტერში სხვა ხანდაზმულებიც აღმოჩნდნენ. მონაზონი ამბობს, რომ მათზე თავად ზრუნავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს შესაბამისი დაფინანსებაც ჰქონდა.

ბავშვებისთვის დღის ცენტრი



ერთ დღეს მონაზონმა საავადმყოფოს ფანჯრიდან შენიშნა ბავშვები, რომლებიც სკოლის ნაცვლად მიტოვებულ შენობაში შედიოდნენ. როგორც თავად ამბობს, მოგვიანებით გაიგო, რომ ბავშვები ხშირად ტოვებდნენ გაკვეთილებს და იქ სიგარეტს ეწეოდნენ.

„მე მაშინ ვთქვი, ბავშვებს უნდა მივხედოთ-მეთქი“, - იხსენებს იგი.

მეუფე იობისთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, ხანდაზმულების მოვლასთან ერთად ბავშვებისთვისაც შეექმნა სივრცე. ასე გაჩნდა დღის ცენტრის იდეა.

დედა ირინეს თქმით, სამივე სკოლიდან მას სოციალურად დაუცველი 150 ბავშვის სია მიაწოდეს. მისი ჩანაფიქრი იყო, ბავშვებს სკოლიდან წამოსვლის შემდეგ მონასტრის შენობაში ემეცადინათ, შემდეგ კი სხვადასხვა ხელობა ესწავლათ.

„ვიფიქრე, ამაზე კარგი რა უნდა გავაკეთო-მეთქი. სკოლიდან ეს ბავშვები რომ მოვლენ, აქ ვამეცადინებთ სხვადასხვა საგანში და შემდეგ ახალ ხელობებსაც ვასწავლით-მეთქი“, - ამბობს მონაზონი.

მისი თქმით, პროექტში ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. როინ მეტრეველმა ახალგაზრდა სპეციალისტები გამოუგზავნა, ხოლო სამხატვრო აკადემიის ლექტორებს ბავშვებისთვის სახელოსნოს მოწყობაც ჰქონდათ დაგეგმილი.

„დანადგარებს დავდგამთ და ბავშვებს ხელობას ვასწავლით. მაინც ტურიზმის ქვეყნად გვაქციეს და ბავშვები ამ ნახატებს ტურისტებზე გაყიდიან, ოჯახსაც დაეხმარებიანო“, - იხსენებს დედა ირინე ლექტორების ნათქვამს.

შენობის ზედა სართულზე კლასები მოეწყო. თავდაპირველად ათი ბავშვი მივიდა. მონაზონის თქმით, მათთვის ერთჯერადი კვებაც იყო გათვალისწინებული და მშობლები პროექტით კმაყოფილები იყვნენ.

თუმცა, მისი თქმით, მალე წინააღმდეგობა დაიწყო.

„რატომ მარტო ღარიბი ბავშვები და მდიდრები არა?“

დედა ირინე ამბობს, რომ მშენებლობასა და ცენტრის საქმიანობას მეზობლის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, მისი თქმით, მეზობელმა ფანჯრიდან დედა-შვილს ნაგავი გადმოაყარა.

ამის შემდეგ მონაზონმა გადაწყვიტა, გაერკვია, რატომ აღარ მოდიოდნენ ბავშვები.

„სკოლებში მივედი: „რა ხდება? რატომ აღარ უშვებთ ბავშვებს? იმ ბავშვებს ვგულისხმობ, რომელთა სიაც თქვენ გამომიგზავნეთ-მეთქი“, - იხსენებს იგი.

მისი თქმით, სკოლებში თავდაპირველად პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მაშინდელ რესურსცენტრის უფროსს, გიორგი კობახიძეს, ბავშვების ცენტრში აღარ გაშვება ურჩია.

მონაზონი ამბობს, რომ ამის გასარკვევად თავად მივიდა კობახიძესთან.

„კობახიძემ მითხრა: „რატომ მარტო ღარიბი ბავშვები და მდიდრები არაო?“ მე ვუთხარი: „როდის გამომიგზავნი შენს შვილს და უკან გამოვაბრუნებ-მეთქი. მდიდრებს პატრონი ჰყავთ და ღარიბებს პატრონი არა ჰყავთ-მეთქი“, - ამბობს დედა ირინე.

მისი თქმით, ამის შემდეგ დღის ცენტრის პროექტი ჩაიშალა.

თუმცა გიორგი კობახიძე მონაზვნის მონათხრობს ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა მოვლენებს სხვაგვარად იხსენებს.

„მსგავსი ფაქტი მართლაც იყო, 3-4 წლის წინ, ზუსტი დრო აღარ მახსოვს. ამ პიროვნებასთან მქონდა რამდენჯერმე კომუნიკაცია და თავისი გეგმების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია“, - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, მონაზონს განუმარტა, რომ დაგეგმილი საქმიანობა რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედიოდა.

„მე მაშინ ამ ქალბატონს ვუთხარი, რომ მსგავსი საკითხები რესურსცენტრის კომპეტენციას სცილდება და ვერც ხელს შევუშლიდი და ვერც დავეხმარებოდი“, — აცხადებს იგი.

კობახიძე უარყოფს, რომ სკოლებს ბავშვების დღის ცენტრში გაშვება აუკრძალა.

მისი შეფასებით, მონაზვნის პროექტი იმ დროისთვის სათანადოდ ჩამოყალიბებული არ იყო.

„ცოტა ჩამოუყალიბებელი და არარეალური გეგმა ჰქონდა“, -ამბობს გიორგი კობახიძე.

ძმის გარდაცვალების შემდეგ - ხალხური მკურნალობა

მონაზვნის თქმით, მოგვიანებით მის ოჯახში მძიმე ტრაგედია მოხდა — თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მისი ძმა გულის პრობლემებით მოათავსეს და ინფარქტით გარდაიცვალა. დედა ირინე ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში მისმა ძმისშვილებმა დიდი ფინანსური ხარჯები გაიღეს.

ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაც დაეწყო.

„ამის შემდეგ გადავწყვიტე, ხალხს პატრონი არ ჰყავს-მეთქი, და დავიწყე ხალხის მკურნალობა“, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, თავდაპირველად ეს საქმიანობა ოფიციალური ფორმით არ ხორციელდებოდა, თუმცა მოგვიანებით საქმიანობას ოფიციალური სახე მისცა.

მიხეილ სარაული: „მე მესაკუთრე ვარ, ის კი მოიჯარეა“



მონაზონ ირინეს მონათხრობს არ ეთანხმება ყოფილი სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი და გინეკოლოგი მიხეილ სარაული, რომელიც ამჟამად ხაშურში მუშაობს.

სარაულის თქმით, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში 300 კვადრატული მეტრი ფართი მან 2003 წელს შეიძინა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს.

„მე ამ შენობაში 300 კვ.მ ფართი 2003 წელს შევიძინე. ოფიციალურად გაფორმებული მაქვს საბუთები, შეგიძლიათ, მოიძიოთ და ნახავთ.“ - ამბობს სარაული.

მისი ინფორმაციით, შენობის მეორე სართული და ქარელის საავადმყოფო მოგვიანებით შეიძინა ერთმა უცხოელმა ქალმა, რომელსაც, სარაულის თქმით, ხელშეკრულებით საავადმყოფოს განახლება ევალებოდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. საუბარია შპს ,,ადითზე'', რომლის ხელმძღვანელი ისრაელის მოქალაქეა.

სარაული ამბობს, რომ თავადაც სურდა მეორე სართულის შეძენა, თუმცა მფლობელთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„ხან ამერიკაში იყო და ხან ისრაელში და ფიზიკურად ვერ შევხვდი. შემდეგ კი თავი დავანებე“, - იხსენებს იგი.

მისი თქმით, მოგვიანებით სწორედ ისრაელის მოქალაქე ქალმა მოიყვანა შენობაში მონაზონი ირინე.

„ცოტა უცნაური ქალია, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს ისე, რომ არაფერს მეკითხება. მასზე მეტი უფლებები მე მაქვს. მე მესაკუთრე ვარ, ის კი მოიჯარეა და ამ შენობაში საკუთრება არ აქვს“, — აცხადებს სარაული.

ექიმი ამბობს, რომ მონაზვნის შენობიდან გაყვანა ვერ შეძლო და, მისი თქმით, სწორედ ამის გამო იძულებული გახდა, სამშობიარო დაეხურა.

„იმის გამო, რომ ეს ქალბატონი ფართიდან ვერ გამოვიყვანე, მომიხდა სამშობიაროს დახურვა“, - ამბობს იგი.

სარაული ქარელში სამშობიარო დაწესებულების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამის საჭიროება აქვს.

„მე მგონი, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ქარელში სამშობიარო ფუნქციონირებდეს. ამდენი ხალხი გამოთქვამს წუხილს. ტყვიავიდან გორს გამოატარებენ, შემდეგ კი ამხელა გზაზე ხაშურში ჩამოჰყავთ. გზაში ეწყებათ სისხლდენა და ზოგჯერ მომაკვდავები მოდიან ადგილამდე“, - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, სამშობიაროს გასახსნელად ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ფართია.

„ფაქტობრივად, ფართის პრობლემა მაქვს, რომ სამშობიარო გავხსნა. ეს ქალი ამ საკითხს საერთოდ არ ადარდებს და ფართიდან არ გამოდის“, - ამბობს სარაული.

ექიმის თქმით, ქარელის სოფლების მოსახლეობა მას ხშირად უკავშირდება და სამშობიარო დაწესებულების აღდგენას სთხოვს.

„ქარელის სოფლებიდან ხალხი მუდმივად მეკონტაქტება. მთელი დირბი, მაგალითად, ფეხზე დგას, მთხოვენ, რომ სამშობიარო გავხსნა“, - ამბობს იგი.

სარაული აცხადებს, რომ შესაბამისი სივრცის არსებობის შემთხვევაში მზად არის, ქარელში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ იმუშაოს.

„ეს უკვე ხალხმა თვითონ უნდა მოაგვაროს. მე ყველგან ვიმუშავებ - ქარელში გახსნიან და მივალ, აგარაში გახსნიან და იქაც მივალ. თვითონ უნდა მოინდომონ. მე მზად ვარ, ყველგან ვიმუშაო“, - ამბობს მიხეილ სარაული.

მამა სტეფანე: „ამ ქალბატონთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია“



მონაზონ ირინეს მიერ დასახელებული კიდევ ერთი პირი, არქიმანდრიტი სტეფანე, მის წინააღმდეგ რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს.

მამა სტეფანეს თქმით, მონაზონთან პირადი ურთიერთობა ან რაიმე სახის საქმიანი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არანაირი შეხება არ მქონია ამ ქალბატონთან. უბრალოდ, ისე ვიცნობ, როგორც დანარჩენ ქარელელს. წირვაზე დამესწრო ერთი-ორჯერ, სხვა მხრივ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია“, - აცხადებს იგი.

მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მონაზვნის განცხადება, თითქოს იგი მის წინააღმდეგ მოქმედებს და შენობიდან მის გაძევებას ცდილობს.

„თქვენგან მესმის პირველად, რომ მე თურმე ამ ქალბატონს ვებრძვი“, - ამბობს მამა სტეფანე.

ამგვარად, ყოფილი სამშობიარო სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მხარეებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მონაზონი ირინე ამბობს, რომ შენობაში მეუფე იობის კურთხევით შევიდა და წლების განმავლობაში იქ უსახლკარო მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებოდა. იგი აცხადებს, რომ დღეს მისი საქმიანობის შეჩერებასა და შენობიდან გაძევებას ცდილობენ.

მიხეილ სარაული კი ამბობს, რომ შენობის შესაბამის ნაწილზე საკუთრების უფლება თავად აქვს და მონაზვნის იქ ყოფნამ სამშობიარო საქმიანობის გაგრძელებას ხელი შეუშალა.

თავის მხრივ, არქიმანდრიტი სტეფანე უარყოფს მონაზვნის ბრალდებას და აცხადებს, რომ მასთან ფაქტობრივად არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები