თბილისელი მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ჩიხში გააჩერეს და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერეს.
მძღოლმა გადაწყვეტილება თბილისში გაასაჩივრა, თუმცა იმ საკითხის გარკვევა, სად უნდა განიხილონ საჩივარი, 8 თვეა გრძელდება.
ამბავი 2025 წლის 22 დეკემბერს დაიწყო. მძღოლმა.საჩივარი თბილისის სასამართლოში 2026 წლის იანვარში შეიტანა. საჩივარში საკუთარ საცხოვრებელ ადგილად თბილისი მიუთითა.
თბილისის სასამართლოს აზრით, სამართალდარღვევა გორის ტერიტორიაზე მოხდა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც შიდა ქართლის პოლიციის სამსახურმა მიიღო, ამიტომ საქმე გორის სასამართლოს უნდა განეხილა.
გორის სასამართლო კი ფიქრობს, რომ ადამიანი სადაც ცხოვრობს, სამართლის ძიების საშუალება იქ უნდა ჰქონდეს. თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ საქმე განიხილონ იქ, სადაც სამართალდარღვევა მოხდა.
ამ პოზიციის მიუხედავად, გორის სასამართლომ მაინც ამჯობინა საკითხი უზენაესს გადაეწყვიტა. საქმე უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.
უზენაესმა სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისას ყურადღება მიაქცია მამაკაცის მისამართებს.
საჩივარში ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად თბილისი იყო მითითებული, თუმცა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის სამართალდარღვევის ოქმსა და ადვოკატისთვის წარდგენილ რწმუნებულებაში, საცხოვრებელ მისამართად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე ჩიხი ფიქსირდებოდა. ამასთანავე, ადოკატმა საჩივარში მიუთითა, რომ მძღოლი თბილისში ცხოვრობს.
უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა იმის დასადასტურებლად, რომ მამაკაცის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისი იყო. პირიქით, ოფიციალურ დოკუმენტებში გორის სოფლის მისამართი ფიქსირდებოდა.
შედეგად, უზენაესმა გადაწყვიტა, რომ საქმე გორის რაიონულ სასამართლომ განიხილოს, რადგან დაჯარიმების ადგილს, სოფლის ჩიხს, სადავოს არავინ ხდის.
სტატიის გამოყენების პირობები