ახალი ამბები
გორის საკრებულო სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიშს მოისმენს

11 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) ანგარიშს მოისმენენ.

დოკუმენტი საკრებულოს წევრებს წინასწარ გაუგზავნეს. ანგარიშის მიხედვით, 2025 წლიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში, მთავრობამ და ბანკებმა, 280.2 მილიონ ლარზე მეტი თანხა დააბანდეს.

ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მიმართული ფინანსური რესურსების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამებისა და საბანკო დაფინანსების ფარგლებში იქნა მობილიზებული და არა უცხოური ინვესტიციების ხარჯზე.

სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანადაფინანსებამ 82.7 მილიონი ლარი შეადგინა. დანარჩენი კომერციული ბანკების თანხებია.

ანგარიშის თანახმად, პერიოდში სულ 5 872 პროექტი, სესხი და სადაზღვევო პოლისი დაფინანსდა, პროგრამებით კი 2 902 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ყველაზე მსხვილი პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტი იყო, რომლის ფარგლებში 1 342 სესხი გაიცა. პროგრამის საერთო მოცულობამ 225.7 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგროდაზღვევის პროგრამასაც, რომლის დახმარებით გორის მუნიციპალიტეტში 3 703 სადაზღვევო პოლისი გაიცა. პროგრამა ფერმერებს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის რისკების შემცირებაში ეხმარება.

პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 351 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროგრამა მრავალწლოვანი ბაღების გაშენებასა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყობს ხელს.

სააგენტოს მხარდაჭერით ასევე განხორციელდა პროგრამები „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობის, მეფუტკრეობის განვითარების, კოოპერატივების მხარდაჭერისა და ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების მიმართულებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები