ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ერთი წლის წინ ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 284 372 ლარი დაიხარჯა. სტადიონის საფარი ერთი წლის შემდეგ დაზიანებულია და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში ქარელის მერია მოქალაქეებს სიხარული აცნობდა, რომ მიმდინარეობდა მინი სტადიონის მშენებლობა. აღნიშნულ სტადიონზე სამუშაოებს შპს “თამარაშენი 2008” ახორციელებდა.
ერთი წლის შემდეგ სტადიონი ასე გამოიყურება. ადგილობრივი მცხოვრები მერაბ მარღიშვილი ფიქრობს, რომ სტადიონისთვის ტერიტორია თავიდანვე არასწორად შეირჩა და სამუშაოებიც უხარისხოდ შესრულდა.
„თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორია არასწორად შეირჩა. იგი ააშენეს ყოფილი ელექტრომექანიკური ტექნიკუმისა და ამჟამად ე.წ. „ლტოლვილთა“ დასახლების ეზოში, რომელიც ასეთი სტადიონისთვის ყოვლად შეუფერებელია.
არის ცუდი და მოუწესრიგებელი მისასვლელი. მის სიახლოვეს მოსახლეობის საქონლის სადგომები და საღორეებია განლაგებული, რაც ზაფხულში საკმაოდ მძიმე სუნს იწვევს. რაც მთავარია, სტადიონს მჭიდროდ ეკვრის საცხოვრებელი სახლები, რაც, თავისთავად, დისკომფორტს უქმნის მოვარჯიშეებს, ხოლო მათი ხმაური მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევს.''
,,ამასთანავე, როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და ერთი წლის თავზე ამის შედეგებს 1 სექტემბერს გადაღებულ ვიდეოში ნახავთ.ისმის კითხვა: ვინ აგებს პასუხს ასიათასობით ლარის ასე უხარისხოდ დახარჯვაზე და უხარისხოდ აშენებულ სტადიონზე?“ - კითხულობს ადგილობრივი მცხოვრები მერაბ მარღიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები