ახალი ამბები
გორის საკრებულომ პარკირების ინსპექციისთვის 160 000 ლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

გორის პარკირების თანამშრომლების და კონტროლიორების სამსახურისთვის დამატებით 160 000 ლარის გამოყოფას საკრებულომ მხარი 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.

დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. საკითხის განხილვისას ინიციატორმა განმარტა, რომ თანხა თანამშრომლების პრემიებსა და სახელფასო დანამატებს არ მოხმარდება.

მისი თქმით, 160 000 ლარი „არაფინანსური აქტივების ზრდისთვის“ არის გათვალისწინებული, რაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის ინსპექციის ოფისის რემონტსა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლებას გულისხმობს.

საიდან გაჩნდა 160 ათასი ლარი?

საკრებულოს 11 სექტემბრის სხდომაზე გაირკვა, რომ დამატებითი თანხის წყარო გორის მერიის მიერ შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსია.

მერიის ბიუჯეტში, შტატების შემცირების შედეგად, ზუსტად 400 000 ლარი გათავისუფლდა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებზე გადანაწილდა.

კერძოდ, 160 000 ლარით მუნიციპალური ინსპექციის დაფინანსება გაიზარდა, ხოლო 150 000 ლარი საახალწლო მორთულობების გამდიდრებისთვის არის გათვალისწინებული. დანარჩენი - ე.წ. მწოლიარე პოლიციელებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები