საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები 2025 წლის შემოდგომით უნდა დასრულებულიყო.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, კომპანია ,,გრინველთან" დადებული ხელშეკრულება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ქართული ოცნების" წევრებს 11 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე წერილობით მიაწოდეს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების ვადა 6-ჯერ - 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. თუმცა, საბოლოოდ, მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა 2026 წლის აგვისტოდან.
სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 730 000 ლარი. მიმდინარე წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით უნდა ესარგებლა 500-მდე ოჯახს.
რატომ ვერ დასრულდა პროექტი, ,,ქართლის ამბები" კომპანიას დაუკავშირდა. საჯაროდ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საკონტაქტო ნომერზე არ გვპასუხობენ. მეორე ნომერზე გვითხრეს, რომ კომპანიაში მიმდინარე წლიდან აღარ მუშაობს, თუმცა 2025 წელს მუშაობდა.
ჩვენს კითხვაზე, რა პრობლემებს აწყებოდნენ 2025 წელს, განგვიცხადა, რომ ამ ინფორმაციას არ გასცემს.
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ივლისის შემდეგ დიცის წყალთან დაკავშირებით ინფორმაცია არ განახლებულა. ამ სოფლიდანაა პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი, რომელსაც არც პარლამენტის ტრიბუნიდან და არც ტელეიმედიდან ჩავარდნილ პროექტზე ხმა არ ამოუღია.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ დიცში სასმელი წყლის პროექტზე თანხა 2022 წელსაც დაიხარჯა 520 000 ლარის ოდენობით.
სტატიის გამოყენების პირობები