ახალი ამბები
კასპში „ჰანიველმა“ სკოლის მოსწავლეებს ჩანთები დაურიგა - მშობლები ცემენტის ქარხნიდან მტვრის გაფრქვევას აპროტესტებენ

კომპანია ,,ჰანიველმა'' 15 სექტემბერს კასპის საჯარო სკოლის უმცროკლასელებს ჩანთები დაურიგა.

ერთ-ერთმა მშობელმა კი გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ წინა ღამით კასპის ცემენტის ქარხნიდან მტვერი კიდევ ერთხელ გაიფრქვა. ფოტოს მიხედვით, მტვერი სწორედ ,,ჰანიველის'' კუთვნილ ტერიტორიიდან ამოდის.

მშობელმა აღნიშნა, რომ ბავშვებს ჯერ მტვერი აყლაპეს, შემდეგ კი ჩანთები დაურიგეს და კითხულობს, როდის დასრულდება ასეთი მდგომარეობა?

რა ხდება?

,,ქართლის ამბები'' ჯერ კიდევ 3 სექტემბერს წერდა, რომ კასპის ,,ქართული ცემენტი'' ითხოვს, რომ მბრუნავი ღუმელის ჩართვა-გამორთვისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბებული გაფრქვევა დარღვევად არ ჩაუთვალონ.

როგორც ირკვევა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა პერიოდულად ნორმაზე მეტად იზრდება. პერიოდულად იზრდება აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევა..

ამის შესახებ საუბარია კომპანია „გერგილის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც ქარხნის დაკვეთით გაკეთდა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს.

დასკვნის მიხედვით, გაფრქვევების ზრდას იწვევს კლინკერის ახალი მბრუნავი ღუმელი, რომელიც ქარხანაში 2023 წელს დაამონტაჟეს.

ქარხნის სპეციალისტების განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა ღუმელს რთავენ ან აჩერებენ. პროცესი, დასკვნის მიხედვით, ჩართვა-გამორთვის პროცესი ზოგჯერ 32 საათი შეიძლება გაგრძელდეს. ქარხნის წარმომადგენლები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უხსნიან, რომ ეს ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებაა.

ამიტომ კომპანია გარემოს ეროვნულ სააგენტოს სთავაზობს, რომ ღუმელის გაშვებისა და გაჩერების დროს დაფიქსირებული ეს პიკური გაფრქვევები დარღვევად არ ჩაითვალოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები