ახალი ამბები
გორთან ახლოს ცემენტის საწარმოს მშენებლობაზე განაცხადი ხელახლა წარადგინეს

გორთან ახლოს ცემენტის საწარმოს მშენებლობის მოთხოვნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომპანია „გრავიტექს ცემენტრმა“ კიდევ ერთხელ მიმართა. კომპანიის დირექტორმა არჩილ იმერლიშვილმა სააგენტოში განახლებული სკოპინგის ანგარიში წარადგინა.

რამდენიმე თვის წინ სააგენტომ კომპანიის განაცხადი შენიშვნებით უკან დააბრუნა. ამჯერად „გრავიტექს ცემენტრმა“ დოკუმენტაცია განახლებული ფორმით წარადგინა.

სკოპინგის ანგარიშის დანართში აღნიშნულია, რომ გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა. კონტანტინე ბუზალაძის ბრძანებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გახდა. ტერიტორია მდებარეობს სოფლების, ოთარშენისა და თედოწმინდას შორის.

განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ ცემენტის საწარმოს მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების ოქმს ხელს ოთარშენისა და თედოწმინდის სოფლების 66 მცხოვრები აწერს. ხელმომწერები აცხადებენ, რომ ცემენტის საწარმოს მშენებლობის წინააღმდეგი არ არიან.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოს ეროვნული სააგენტო ცემენტის საწარმოს მშენებლობის შესახებ განახლებულ განაცხადთან დაკავშირებით

Print

სტატიის გამოყენების პირობები