ახალი ამბები
,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის სასამართლოში დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა.

როგორც პროკურორმა ბარბარა ჩხეიძემ განაცხადა, ბრალდებულმა დედას, დანით, ხელზე ჭრილობები მიაყენა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაზარალებული, 70 წელს გადაცილებული ქალი დაკითხეს. მან განაცხადა, რომ ჩვენებაში მითითებული გარემოებები კასპის პოლიციაში, გამომძიებლებმა თავად შეთხზეს:

,,მე არ მინდოდა ჩივილი შვილისთვის. თვითონ ჩემმა შვილმა დარეკა სასწრაფოში."- ამ სიტყვებით დაიწყო ქალმა ახსნა-განმარტების მიცემა.

მისი თქმით, იმ ღამით შვილი სახლში ნასვამი მივიდა და საჭმელი მოითხოვა. მან კი უპასუხა, გაეღო მაცივარი და თავად ენახა საჭმელი, რასაც შვილის გაღიზიანება მოჰყვა:

,მე არ უნდა ავყოლოდი. დაიწყო ჩხუბი, რატომ არ იყო საჭმელი. ღამის ათი საათი იქნებოდა. მე ვეუბნებოდი, ხომ ვშრომობ, ხომ ვმუშაობ? რაღას მეჩხუბები-მეთქი. მესმის, ომგამოვლია, ნერვები აღარ უვარგა. უნდა გავჩუმებულიყავი. მეც არ შევეპუე. გავიდა მეორე ოთახში, გამოიტანა გადატეხილი დანა და ხელზე გამკრა. არ მტკენია, უბრალოდ სისხლი მომდიოდა" - აღნიშნა დედამ.

პროკურორმა ბარბარა ჩხეიძემ აჩვენა დაზარალებულს ფურცელი და ჰკითხა,, იყო თუ არა ჩვენებაზე მისი ხელმოწერა. ,,ხელმოწერა ჩემია, მაგრამ რაც წერია, გამომძიებელმა დაწერაო".

ამის შემდეგ ბრალდებულის დედამ გაიხსენა, რომ შვილმა მას დანა უბრალოდ ორჯერ მოუქნია, შემდეგ კი გაიქცა მეზობელთან, სადაც დაიმალა:

,,,გადავედი ჩემს ახლობელთან, ვიფიქრე დაიძინებს და მერე მეც დავბრუნდები სახლში დასაძინებლად-მეთქი. პოლიცია როგორ და რატომ მოვიდა, არ ვიცი. მე არ გამომიძახებია"

,,გთხოვთ, ბატონო მოსამართლე, გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და არ მიუსაჯოთ,"- სთხოვა ბრალდებულის დედამ.

მოსამართლე რატი ჩანტლაძემ ბრალდებულს მიმართა, ჰქონდა თუ არა რაიმე კითხვები დედის მიმართ:

,,მე არანაირი კითხვა არ მაქვს, ჩემ სიმართლეს დავამტკიცებ, მან კი თავის დაწერილებზე აგოს პასუხი," - განაცხადა ბრალდებულმა.

სხდომა გადაიდო სხვა მოწმეების დაკითხვის მიზნით
Print

სტატიის გამოყენების პირობები