გორის ბაზარში, „აგრო მოლის“ მოვაჭრეებს დახლების ქირის გადასახადს 50%-ით უზრდიან. ბაზრის ხელმძღვანელობა ამას ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს:
„პანდემიის შემდეგ მოვაჭრეებისთვის ერთი თეთრი არავისთვის მოგვიმატებია. მაშინ შევუმცირეთ კიდეც გადასახადი. ახლა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გვიწევს მცირედით, 50%-ით გავზარდოთ გადასახადი", - გვითხრა „აგრო მოლის“ დირექტორმა დავით ხმიადაშვილმა.
„ქართლის ამბებს“ მოვაჭრეებმა მიაწოდეს წინა თვეების ხელშეკრულებები, სადაც აღნიშნულია, რომ მაგალითად, 20 კვ.მ ფართობზე იხდიდნენ თვეში 194.12 ლარს. ახალი ხელშეკრულებით კი მოვაჭრეს თვეში 291.11 ლარის გადახდა უწევს.
„დაბარებულები ვიყავით ხელმძღვანელობასთან. პირდაპირ განგვიცხადეს, თუ ახალი პირობები არ გაწყობთ, დაცალეთ დახლები და დატოვეთ ტერიტორიაო. შეიძლება ქირის გადასახადმა იმოქმედოს ფასებზე, ვნახოთ", - განუცხადეს „ქართლის ამბებს“ მოვაჭრეებმა.
„აგრო მოლის“ დირექტორი დავით ხმიადაშვილი განმარტავს, რომ ახალი პირობების გამო ამ ეტაპზე არც ერთ მოვაჭრეს არ დაუტოვებია სამუშაო.
„ჯერ არც შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმეს უარი ეთქვას ახალ პირობებზე და დაეტოვებინოს ბაზარი", - დასძინა დავით ხმიადაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები