2022 წლის 1-ელ ოქტომბერს კასპის N4 საჯარო სკოლა ავარიული მდგომარეობის გამო დაიხურა. მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს და მშობლებს დაჰპირდნენ, რომ ძველი შენობის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდებოდა. ოთხი წლის შემდეგ კი არც ძველი შენობა დაუნგრევიათ და არც ახალი სკოლის მშენებლობა დაწყებულა.
როგორც „ქართლის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. უფრო მეტიც, პროექტი ამ დრომდე ბაზრის კვლევაზეც არ გაუტანიათ და შესყიდვების სამსახურში არ იციან, როდის დაიწყება პროცედურები.
ამის მიუხედავად, კასპის N4 საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სკოლის ახალი პროექტი 2026 წლის ივნისში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც განუცხადეს, რომ მშენებელი უკვე მოძებნილია. თუმცა, დირექტორმა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის ან ტენდერის ნომრის წარმოდგენა ვერ შეძლო.
პარალელურად, კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე სოციალურ ქსელში მშობლებს არწმუნებს, რომ ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი „კონკრეტულ, აქტუალურ ფაზაშია“.
„ქართლის ამბების“ მცდელობა, ილურიძისგან დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა ეტაპზეა პროექტი, უშედეგოდ დასრულდა. მედიასთან სატელეფონო საუბარი მან კითხვის დასმისთანავე შეწყვიტა და არც წერილობით მიმართვაზე გაუცია პასუხი.
სტატიის გამოყენების პირობები