გორში, 26 სექტემბერს დაგეგმილი „კამარა ფესტივალი“ გადაიდო. დანიის კულტურის ინსტიტუტის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მიიღეს.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) გამოსვლა იყო დაგეგმილი. ღონისძიების გადადებას წინ უძღოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების კრიტიკა მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან მუსიკოსი საპროტესტო აქციებს უჭერდა მხარს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა Kordz-ის კონცერტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ევროკავშირი საქართველოში „რადიკალური და ექსტრემისტული ძალების“ დაფინანსებას აგრძელებს და მსგავსი ღონისძიებები საზოგადოებაში პოლარიზაციას აღვივებს.
ფაქტს თავად მუსიკოსიც გამოეხმაურა. Kordz-ის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობდა.
ფესტივალს დანიის კულტურის ინსტიტუტი პროექტ „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში ახორციელებდა, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ფინანსდება.
სტატიის გამოყენების პირობები