ხაშურის საკრებულოს (2021-2024 წწ.) ყოფილ ვიცე-თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ქურდობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
როგორც ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, გამრეკელი კომპანია „გეკას“ კუთვნილი ტერიტორიიდან ე.წ. „დრაბილკის“ (ქვის სამტვრევი აპარატი) გატანასა და გაყიდვას ცდილობდა.
„ხაშურის მეცენატმა ლევან გამრეკელმა არაფრად ჩააგდო სახელმწიფო ინსტიტუცია, სასამართლო და გადაწყვიტა ამ დანადგარის გაყიდვა. მოიყვანა კლიენტები, რომლებმაც მე ფოტო და ვიდეო გადავუღე. მითხრეს, რომ მათ ეს „დრაბილკა“ ლევან გამრეკელმა მიჰყიდა. მათ არ იცოდნენ, რომ ეს არ წარმოადგენს ლევან გამრეკელის საკუთრებას. ეს არის კომპანია „გეკას“ საკუთრება და ამავე დროს, სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება“, - აცხადებს ირინა ფერაძე.
კომპანია „გეკას“ წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევა 2026 წლის 22 სექტემბერს მოხდა. მისივე განმარტებით, ინციდენტამდე ქვის გადამამუშავებელ საწარმოში ელექტროენერგიის მიწოდება ხელოვნურად შეწყვიტეს.
ცნობისთვის, ლევან გამრეკელი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. პროკურატურა მას სახელმწიფოს კუთვნილი, 5 მილიონი ლარის ღირებულების ქონების (მილების) დატაცებაში სდებს ბრალს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამრეკელმა თანხის ნაწილი (3 მილიონ ლარამდე) ბიუჯეტში უკვე დააბრუნა, დარჩენილი ზარალის ასანაზღაურებლად კი ციხიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სტატიის გამოყენების პირობები