ახალი ამბები
„მაგ კაცს ვერ ვეკარებითო“ - ატენში მცხოვრებ პირს ფეისბუქ-კომენტარების გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს

ატენში მცხოვრებ მამაკაცს, „ფეისბუქზე“ დაწერილი კომენტარების გამო, სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

როგორც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელმა, სალომე ქირიამ განაცხადა, სამართალდამრღვევმა ჩადენილი ქმედება აღიარა, რის გამოც მის მიმართ სახდელის მსუბუქი ფორმა გამოიყენეს. მისივე განმარტებით, პირს წვრილმანი ხულიგნობის ორ ფაქტზე ედავებოდნენ, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი მოქალაქის მიმართვა გახდა.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მომჩივნის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე ორი წელია, თანასოფლელი მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს, უვარდება სახლში და ემუქრება. წერილიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა დასახმარებლად გორის შს სამმართველოსაც მიმართა, თუმცა უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

„პოლიციელებმა მითხრეს, რომ მაგ კაცს ვერ ვეკარებითო“, - აღნიშნულია მოქალაქის წერილში.

აღსანიშნავია, რომ შს სამინისტროს იურისტმა სალომე ქირიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ყურადღება მხოლოდ საჩივრის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხება. დაზარალებულის მიმართ მუქარისა და სახლში შეჭრის ფაქტებზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები