ახალი ამბები
მმართველი გუნდის პროტესტის ფონზე, გორში ფესტივალი „კამარა“ გაიმართება

26 სექტემბერს გორში, „ხელოვნების სახლში“ ფესტივალი „კამარა“ გაიმართება, რომელიც მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (სასცენო სახელით Kordz) კონცერტით დასრულდება. ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლობა და დანიის კულტურის ინსტიტუტი უჭერენ მხარს.

მმართველი გუნდი მუსიკოსის კონცერტის მხარდაჭერას აპროტესტებს. Kordz იმ ხელოვანებს შორისაა, რომლებიც საპროტესტო აქციებს უჭერდნენ მხარს და საჯაროდ აქვთ შესრულებული სიმღერა „ოლე ოლა“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებასა და რადიკალიზმის წახალისებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, „კამარას“ პროგრამა შემოქმედებით ვორქშოფებს, ხელოვნებას, კულინარიულ გამოცდილებებს, საჯარო საუბრებსა და მუსიკას მოიცავს.

ფესტივალს დანიის კულტურის ინსტიტუტი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია და ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები