ახალი ამბები
ყალბი სასმელების საქმე - შემოსავლების სამსახურის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში თანამდებობაზე ყოფნისას, ხუნდაძე პირადი ნაცნობობის საფუძველზე ეხმარებოდა ბორის გოგიჩაიშვილს. აღნიშნული პირი, თანამზრახველებთან ერთად, გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ამზადებდა და ინახავდა ალკოჰოლურ სასმელებს - ვისკისა და არაყს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა, გოგიჩაიშვილს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროისა და შინაარსის შესახებ მუდმივად აძლევდა მითითებებს, რათა მათ საფრთხე არ შექმნოდათ. შედეგად, საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოვიდა სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა საჭირო პროდუქცია.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ხუნდაძისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და შეტყობინება სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის.

ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები