ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის შენობას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ მოსწავლეების მშობლებს გუშინ გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაპირდნენ.
საკრებულოს წევრის, ზაზა მეხრიშვილის ინფორმაციით, სკოლის შენობის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება თავად მშობლებმა მოითხოვეს, რადგან მათი შეფასებით, წინა ექსპერტიზის შედეგები დამაკმაყოფილებელი და სანდო არ იყო.
გარდა ამისა, მშობლებს სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ინიციატივა.
„მშობლებმა მოითხოვეს, რომ ორი კვირის განმავლობაში სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს, ვიდრე ხელახალი ექსპერტიზის შედეგები გახდება ცნობილი“, - აღნიშნავს ზაზა მეხრიშვილი.
საკრებულოს წევრის ცნობით, შეხვედრაზე დაკმაყოფილდა მხოლოდ ხელახალ ექსპერტიზასთან დაკავშირებული მოთხოვნა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლაზე კი მშობლებმა უარი მიიღეს.
სტატიის გამოყენების პირობები