კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და პრობლემების მხოლოდ ფურცელზე მოგვარებაში ადანაშაულებენ.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, მან სოფელში ნაგვის ურნების არარსებობისა და ნარჩენების გატანის პრობლემასთან დაკავშირებით მერიას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მისი თქმით, სოფელში ნაგვის კონტეინერი საერთოდ არ დგას, სპეციალური მანქანა კი თვეში მხოლოდ ერთხელ დადის.
მიმართვის შემდეგ მოქალაქემ მერიისგან მიიღო პასუხი, რომლის მიხედვითაც საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა რეალობა განსხვავებულია. ირკვევა, რომ კასპის მერის, ვახტანგ მაისურაძის წერილი, რომლითაც მოქალაქეს უპასუხეს, „კასპის კეთილმოწყობის“ სამსახურის მოხსენებით ბარათს ეყრდნობა.
„განიხილეს და მაცნობეს, რომ აღნიშნული პრობლემა მოაგვარეს. ხელიც მოაწერეს და საქმე გააკეთეს, თუმცა არანაირი ნაგვის კონტეინერი არ დაუდგამთ. ანუ ასე გამგებელი და მერი ჰაერზე იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს დაფინანსება სად მიდის, რომელიც უნდა მოხმარდეს სოფელს?“, - წერს კაპრაშიანის მკვიდრი.
ადგილობრივის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მან მერიაში განცხადება კიდევ ორჯერ გააგზავნა, თუმცა უწყებიდან პასუხი აღარ მიუღია.
სტატიის გამოყენების პირობები