საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ამოღებული სხვადასხვა ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება. საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 კი დაკავებულია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ“, — განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა 15 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა, საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და სპეციალური ინვენტარი ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები