ახალი ამბები
გორის მერია ფესტივალ „ტანა-თეძმობისთვის“ 60 000 ლარს დახარჯავს

ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო.

მერია სატენდერო პირობების მიხედვით ეძებს კომპანიას, რომელსაც მსგავსი ღონისძიებების გამართვის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება აქვს. ვალდებულებების მიხედვით, მიმწოდებელმა ფესტივალი, სხვა საჭიროებებთან ერთად, 120 კგ ღორისა და 70 კგ საქონლის ხორცით უნდა მოამარაგოს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერასა და პიარკამპანიას. გორის მერიის მიზანია, რომ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეიტყოს. ამისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე ორი ჟურნალისტი და ერთი ისეთი ინფლუენსერი უნდა მიიყვანოს, რომელსაც სოციალურ ქსელში მინიმუმ 100 000 გამომწერი ეყოლება. ინფლუენსერს დაევალება, რომ ფესტივალის შესახებ სპეციალური კონტენტი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად მოამზადოს. გარდა ამისა, ღონისძიების გასაშუქებლად ცალკე დაიქირავებენ რეჟისორს, ორ ოპერატორსა და დრონს.

აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამჟამად შესული მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კომპანია, რომლის მონაცემებსაც სწავლობენ, 2024 წელს არის დაფუძნებული იმ პირის მიერ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართული ოცნებიდან“ გორის მერობის კანდიდატის, კონსტანტინე ბუზალაძის ფოტოგრაფად მუშაობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები