გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისიდან ჩამოსული სტუმრების საკვებით უზრუნველსაყოფად რესტორანს 9 750 ლარი გადაურიცხა, ხოლო მათი ტრანსპორტირებისთვის დამატებით 3 260 ლარი დაიხარჯა. გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, აღნიშნული ხარჯები რეგიონალური ფესტივალის სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონალურ ფესტივალს თბილისიდან არაერთი მაღალჩინოსანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ პარლამენტარი გია ვოლსკი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელები.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, უნივერსიტეტმა კვებითი მომსახურებისთვის თანხა რესტორან „ტერასას“ გადაურიცხა. თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ მინისტრები რესტორანში არ მისულან და 10 000 ლარამდე ღირებულების მზა კერძები და პროდუქტები ობიექტიდან პირდაპირ უნივერსიტეტის შენობაში მიიტანეს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სარესტორნო ხარჯებმა საზოგადოების ყურადღება გასულ წელსაც მიიქცია. 2025 წლის ფესტივალზე უნივერსიტეტმა მინისტრისა და რექტორების დასახვედრად სუფრა რესტორან „ვილა პარკში“ გაშალა და 5 000 ლარი დახარჯა, თუმცა მაშინ მინისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რესტორანში არ მივიდნენ.
წელს უნივერსიტეტმა აღნიშნული პრაქტიკა შეცვალა. როგორც მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს, სტუმრებისთვის სუფრა რესტორანში აღარ გაშლილა და გამასპინძლების პროცესმა უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეში გადაინაცვლა.
სტატიის გამოყენების პირობები