ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სასმელ წყალში ფეკალური მასები აღმოაჩინეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურება დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის მიერ მოქალაქისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილის მიხედვით, წყალი ფეკალური მასებითაა დაბინძურებული.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წყალში აღმოჩენილია საერთო კოლიფორმული ბაქტერიები (45.3 კწე / 300 მლ). მათ შორის ფიქსირდება E. coli (28.8 კწე / 300 მლ) და Streptococcus faecalis (20.7 კწე / 250 მლ). სტანდარტების მიხედვით, ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ნორმა ნულს უნდა შეადგენდეს და სასმელ წყალში მათი არსებობა კატეგორიულად დაუშვებელია.

სპეციალისტების განმარტებით, წყალში E. coli-სა და Streptococcus faecalis-ის აღმოჩენა პირდაპირ მიუთითებს ფეკალურ დაბინძურებაზე. შესაბამისად, მაღალია იმის რისკიც, რომ წყალში სხვა, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებიც არსებობდეს.

შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე სასმელად და სურსათის გასარეცხად მხოლოდ გადადუღებული წყალი გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულ კვლევას წინ უძღოდა მოსახლეობის ჩივილები. სინჯების აღებამდე სოფელში რამდენიმე ადამიანი, წყლის მიღების შემდეგ, მოწამვლის სიმპტომებს უჩიოდა. სპეციალისტებმა წყლის ნიმუშები, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოს ონკანიდან, 2026 წლის 14 აგვისტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე აიღეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობისა და საჭირო რეაგირების შესახებ ოფიციალურად უკვე ეცნობა წყლის მომწოდებელს — კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები