ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის საძირკველს დაანგრევენ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საძირკვლის მოწყობაზე უკვე დახარჯულია 1.9 მილიონი ლარი. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) მიიღო.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ფონდმა დემონტაჟისთვის საჭირო 109 400 ლარის ხარჯვის უფლების მოსაპოვებლად შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მგფ-ის გაანგარიშებით, საძირკვლის ნგრევის პროცესი 2 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდება.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საძირკველს განმეორებითი ექსპერტიზა 2026 წლის მაისსა და ივნისში ჩაუტარა (მანამდე ერთი კვლევა გასულ, 2025 წელსაც იყო ჩატარებული).
განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ საძირკველი ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მისი ავტომატურად დანგრევა აუცილებელი არ არის, თუმცა ექსპერტები ვერ ასკვნიან, გაუძლებს თუ არა ის ახალ სკოლას. რადგანაც სკოლის ახალი პროექტი იგეგმება, დასკვნის თანახმად, ეს ფაქტი მთლიანად ცვლის შენობის დატვირთვების საკითხს.
ექსპერტიზის დეტალებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოყენებული ბეტონი, პროექტით მოთხოვნილზე ოდნავ სუსტია. არმატურას ზედაპირული ჟანგი აქვს, თუმცა მისი დამუშავების შემთხვევაში, ის გამოსაყენებლად მიიჩნიეს. გარდა ამისა, პროექტის ნახაზები ერთმანეთს არ ემთხვევა.
რაც შეეხება სკოლის ისტორიას, ქალაქ ხაშურში, „შინდარას“ დასახლების მოსახლეობა, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ახალ სკოლას უკვე მე-6 წელია ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ოჯახის მიერ დაფუძნებული კომპანია „ლაგი კაპიტალი“ აშენებდა.
სტატიის გამოყენების პირობები