სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში განუცხადეს, რომ ადგილობრივებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. შეხვედრის შესახებ მასალას ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამოცემა „ლიახვი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიცის დასახლებაში არ ფუნქციონირებს ქსელური მაღაზია, რის გამოც მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად უწევს. ამას ემატება სააფთიაქო ქსელის არარსებობაც, რაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას სერიოზულ ბარიერად აქცევს.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ასევე მოსაწესრიგებელია შიდა გზები, მწვავედ დგას სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი, ხოლო ინტერნეტი ხშირად ხარვეზებით მუშაობს, რაც მათ ყოველდღიურ კომუნიკაციასა და საქმიანობას ართულებს.
ამ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებთან ერთად, სოფელ დიცში განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა საბავშვო ბაღში. შენობაში მუდმივი ნესტია, მოსაწესრიგებელია ეზო და საკანალიზაციო სისტემა, წყლისა და ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების გამო კი ხშირად ფერხდება სააღმზრდელო პროცესი, რაც პირდაპირ აისახება მოზარდების განვითარებასა და პირობებზე.
ცნობისთვის, სოფელი დიცი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს პარლამენტარი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი. როგორც ცნობილია, დეპუტატი თავის გამოსვლებში ძირითადად აღნიშნავს, რომ ქვეყნის წინსვლას ხელს ევროპელები უშლიან.
სტატიის გამოყენების პირობები