ხაშურის მე-5 საჯარო სკოლა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას, არსებული ურთულესი რეალობის ფონზე, ერთიანობისკენ მოუწოდებს.
ადმინისტრაციის მიმართვაში აღნიშნულია: „დავიცვათ ჩვენი დასახლების, მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესები. სკოლის გადასარჩენად საჭიროა მეტი მოთმინება, პასუხისმგებლობა და საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება. გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და გაითვალისწინოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბავშვების ინტერესები“.
სკოლის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ბავშვები საყვარელ მასწავლებლებსა და ნაცნობ გარემოს არ დააშორონ. „სკოლა მხოლოდ კედლები და შენობა არ არის - სკოლა არის ბავშვების ყოველდღიურობა, მათი მეგობრები, მოგონებები და მომავლის ნაწილი. მეხუთე საჯარო სკოლა უნდა გადარჩეს - ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის და მთელი თემისთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბერს საზეიმოდ აღნიშნეს, სწავლა 18 სექტემბრიდან შეწყდა. სკოლას აცნობეს, რომ შენობა ავარიულია და მოსწავლეები მე-8 სკოლაში უნდა გადანაწილებულიყვნენ.
ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ შენობას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდება. სკოლის ადმინისტრაციამ ემოციური მიმართვა სწორედ ამ დაპირებიდან რამდენიმე დღეში გაავრცელა. ამჟამად კი მოსწავლეები დროებით ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას.
სტატიის გამოყენების პირობები